„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება.
მისი თქმით, შსს არის მფარველი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საზოგადოებას.
„გვინდა გამოვეხმაუროთ შსს-ს ცინიკურ განცხადებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე დღეს ღამე განხორციელებულ ბანდიტურ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმაზე. შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას.
მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.
ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ეს მუხლი არის განხორციელებული გუშინდელ ღამის თავდასხმის ფაქტში განხორციელებული ამიტომ, შსს-მ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე პირი მონაწილეობდა. პარტიის ინფორმაციით, დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.
შსს-ს ინფორმაციით, უწყებამ ,,ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე თავდასხმაზე გამოძიება 187-ე მუხლითა დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.