ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაიმე კონტრაქტი იქნება ჩინეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან და სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ყველაფერი მისასალმებელია.
ღარიბაშვილმა საკითხზე საუბრისას, ,,ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძეზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვისაც ესმის ლოჯისტიკა, თუ ზოგადად ტვირთების საკითხი, საიდან შეიძლება მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები, ვისაც წარმოდგენა აქვს შუა დერეფნის განვითარების შესახებ, საერთოდ კითხვა არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში. კარგად ვიცით, რომ შუა დერეფნის განვითარების ჭრილში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. მიუხედავად, ჩვენი არაერთი მოწოდებისა უცხოელი პარტნიორებისადმი, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია.
მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, დღეს როგორ შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ჩააგდო ეს პროექტი. ვგულისხმობ, მამუკა ხაზარაძეს! ხაზარაძემ ჩააგდო ეს პროექტი, ვერ ააშენა პორტი. 5-6 წელი გავიდა, ელოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა ვერც დაფინანსება. ჩემი ინფორმაციით, თავად 3 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, სხვებს ჩაადებინა, დაღუპა ინვესტორები. სრული ფიასკო განიცადა მისმა პროექტმა! ამის შემდეგ, კაცი წავიდა და დღეს ქვეყანას ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს. კაცი, რომელიც ჯერ ძარცვავდა მოსახლეობას მაღალი პროცენტებით, ბინებს ართმევდა, ათასობით ადამიანს ჩამოართვა ბინები, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული სააკაშვილის მმართველობის დროს. მის ბანკში ხდებოდა გადაფორმება. გაძარცვა უნდა.
ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას. ვხედავთ, რომ ბევრი ევროპის წამყვანი ლიდერის ვიზიტს ჩინეთში და პირიქით ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და ევროპის შუა გულში. ეს ნორმალურია. ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული, დაღდასმული აზროვნებით. ჩვენ ყველა სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნისთვის. თუ რაიმე კონტრაქტი იქნება ჩინეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან და სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ყველაფერი მისასალმებელია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.