ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა, - ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა, თავის დროზე თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები შემოეყვანა.
„მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და ამას იმეორებს. რეალობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს მას ჰქონდა სურვილი, ჩინური კომპანიები შემოეყვანა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. არადა საკმარისი დრო, შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა ამისთვის. მან ვერ შეძლო ვერცერთი ბიზნესჯგუფის შემოყვანა. აღნიშნული პროექტი, მისი ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.