უსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე TV24-თან იმ მონაცემთა ბაზის შექმნის შესაძლებლობას აფასებს, რომლის შესახებაც მმართველმა პარტიამ განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო გაკიცხვები პოლარიზაციას აღრმავებს და ამით ყოველთვის სარგებლობს რუსეთი, რომლის ერთადერთი სურვილია, გადაყლაპოს საქართველო.
„პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის უსამშობლოების, ღვთის მგმობელების ბაზა და ბუნებრივია, თუ ამ კონოტაციით ამ კონტექსტში იქნება ეს ყველაფერი ღია ეთერში, ის ათასობით ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით აპროტესტებს ხელისუფლების გარკვეულ პოლიტიკას, პირიქით, პირდაპირ მიკუთვნებული იქნება ამ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან, უსამშობლობასთან, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ანგარიშსწორების საფუძველი გახდეს მათზე...
30-იანი წლების ფაშიზმთან და ნაციზმთან დაახლოებულ განცხადებას უფრო ჰგავს, თუმცა საბჭოთა მოქალაქეებსაც ძალიან კარგად ახსოვთ ეს ყველაფერი, როდესაც 37-38 წლებში ზუსტად ამ მოწონების გამო ხდებოდა ადამიანების მიკუთვნება პოლიტიკურად ლოიალურ ან არალოიალურ ფენაზე. საჯარო გაკიცხვები, საჯარო დასჯები, მორალური პოლიცია ყოველთვის პოლარიზაციას აღრმავებს და ამით ყოველთვის სარგებლობს რუსეთი, რომლის ერთადერთი სურვილია, გადაყლაპოს საქართველო“ - აღნიშნა გოცირიძემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.