საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება:
პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.
მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას.
მისივე ინფორმაციით, აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის საერთო რაოდენობა, დაახლოებით 3 695 000-ია.