ბელარუსიდან დევნილმა უფლებადამცველმა, რომან კისლიაკმა, საქართველოში მიმდინარე პროცესები TV 24-თან შეაფასა. მან სამშობლოში არსებულ რეპრესიებსა და იმ გზებზე ისაუბრა, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა.
კისლიაკის აზრით, საქართველოს მოსახლეობას მოდუნების დრო არ აქვს.
„ხალხი ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მთავრობა კი მათ აშინებს. მსგავს მოვლენას ვაკვირდებით ბელარუსში, სადაც მასშტაბური რეპრესიებია. ბელარუსში არ არის კანონი აგენტების შესახებ, მაგრამ მოქმედებს კანონი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. არსებობს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლები. ბელარუსში ბევრი მუხლია. სისხლის სამართლის კოდექსი ფაქტობრივად იმაზე მუშაობს, რომ ხალხი დააშინოს.
რაღაც მომენტში მთავრობამ გვითხრა, რომ კანონის დრო არ გვაქვს, ამის შესახებ ლუკაშენკომ და გენერალურმა პროკურორმა განაცხადეს. მათ ფაქტობრივად დააკანონეს ხალხზე თავდასხმის პრაქტიკა. მათ არ სჭირდებათ კანონი აგენტების შესახებ, ბევრი სხვა ბერკეტი აქვთ. მათ (მთავრობამ) შექმნეს შიშის ატმოსფერო, ისეთი, რომ ოპონირება ბელარუსში შეუძლებელი გახდა, შეუძლებელია უფლებადაცვითი საქმიანობის წარმოებაც.
საქართველოში ჯერ კიდევ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, არიან ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ.
ეს ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც კანონი ფაქტობრივად არც კი შეცვლილა. ის კანონი, რომელსაც მოსახლეობა შარშან საკმაოდ მწვავედ აპროტესტებდა, იგივეა და ხელისუფლება მის მიღებას ცდილობს. სარგებლობს იმით, რომ პარლამენტში უმრავლესობა აქვს. ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ემსახურება. მე ვმოგზაურობდი საქართველოში, ვნახე არაერთი, მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმო, რომელთაც ევროკავშირი და ევროპული კომისია ეხმარებოდათ. ახლა ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა გამოცხადდნენ?
ჩვენ (ბელარუსებმა) გამოვტოვეთ რამდენიმე წელი (1995-96წწ), რის შემდეგაც უკვე ვეღარ შევძელით გაგვეკონტროლებინა ლუკაშენკო და მთელი ის დაჯგუფება, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ეს საშიშროებაა. ეს პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს, რაღაც მომენტში შეუძლებელი გახდება ხელისუფლების კონტროლი, გვიანი იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან შეწინააღმდეგება და თავისუფლების დაცვა“, - განაცხადა კილსიაკმა.