ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქუთაისის მერია საბიუჯეტო ხარჯებს ზრდის

ქუთაისის მერია საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საბიუჯეტო ხარჯებს ზრდის. სულ ახლახან ცნობილი გახდა რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ ორგანიზაციებს კიდევ ორი დაემატა. ესენია: ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღი“ და „ოლიმპიური აუზის“ ა(ა)იპ-ი.

საკრებულოში ფრაქცია „ახალის“ წარმომადგენელი, გიორგი კილაძე, ამბობს რომ წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო ორგანიზაციების რიცხოვნობის ზრდა, ქუთაისის მერიისთვის ახალი არ არის, იქ დასაქმებული ადამიანები, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ პარტ-აქტივს წარმოადგენენ და საარჩევნოდ უბნის დამკვირვებლად და აგიტატორებად არიან წარმოდგენილნი.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დასაქმდება ახალ აიპ-ებში.

„ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქალაქისთვის და არამხოლოდ ამ ქალაქისთვის, არის არასწორი მიმართულებით თანხების ხარჯვა საარჩევნო პერიოდში. ეს თანხები მთლიანად გაუმჭვირვალეა. მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს, მაქვს უფლება ამ თემასთან დაკავშირებით მივიღო ინფორმაცია, გავეცნო და არ გავავრცელო ის ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯარო. სამწუხაროდ, ჩვენ ორი სასამართლო პროცესი გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით გასულ წლებში და ორივე სასამართლოზე დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ რას ხარჯავს ქუთაისის მერია, ეს ინფორმაცია არის საჯარო“, - ამბობს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ახალის“ წევრი, გიორგი კილაძე.

ამ დრომდე, ქუთაისის მერიაში 21 იურიდიული ორგანიზაცია იყო, 11 ა(ა)იპი და 9 შპს, მალე ეს რაოდენობა 23 მდე გაიზრდება. საგულისხმოა ისიც, რომ ადგილობრივ ორგანოში საბიუჯეტო სახსრების თითქმის 50%, სახელფასო ხარჯებს ხმარდება, ხოლო დანარჩენი მოქალაქეთა საჭიროებებს.

ის, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტების მერიებში შტატები გაბერილია, ამაზე წლებია საუბრობენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

ყოველწლიურად მერიებში საშტატო ნუსხა იზრდება, რაც ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდებს. ცოტა ხნის წინ, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის ძალითაც ქუთაისის მერიაში საშტატო ნუსხა 24 ადამიანით იზრდება. აქედან 6 ე.წ. ქოლ-ცენტრში დასაქმდება, ხოლო დანარჩენი მერიის სხვადასხვა სამსახურში გადანაწილდება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან და მიზანი მხოლოდ ადამიანების წახალისება და კარიერული ზრდაა.

„მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური ცენტრი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ პასუხები კითხვებზე და მიიღონ მუნიციპალური სერვისები შესაძლებლობების ფარგლებში“, - ამბობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პეტრე ადამაძე TV24-თან.

ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, ეს არგუმენტი სასაცილოა იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს დასაბუთებული ამ ცვლილების საჭიროება.

„მაშინ, როდესაც 45 000 0000-ზე მეტი ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, ხელფასებში, მერიამ გადაწყვიტა კიდევ გაზარდოს შტატები და ე.წ. ქოლ-ცენტრი შექმნას, რომელიც არავინ არ იცის, რას ემსახურება. არ ვიცით იმის გამო, რომ ინფორმაციას არ გვაწვდიან, თუ სად მიდის ეს თანხა, ვინ იქნებიან დასაქმებულები და ა.შ. არათუ მოქალაქეს, არამედ საკრებულოს წევრებსაც არ მიგვიწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე. არაერთხელ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ არ გვაძლევენ და გვეუბნებიან რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ამ ფონზე იზრდება საშტატო ერთეულები თითქოს კარიერული განვითარებისთვის. სინამდვილეში ეს ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ პარტ-აქტივი დაასაქმონ“, - ფიქრობს, ხათუნა არველაძე, საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯამში, 4500 ადამიანია დასაქმებული. მათი წლიური სარგო ქალაქის ბიუჯეტს 45 მილიონ 36 000 ლარი უჯდება. შარშან ეს რიცხვი 41 მილიონ 308 ათასი ლარი იყო, ხოლო 2022 წელს 33 მილიონ 470 ათასი. 2 წელიწადში სახელფასო ხარჯი თითქმის 12 მილიონამდე გაიზარდა.

ავტორი: ანა ჭეიშვილი