დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ იმართება.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მერმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმართვაზე.
„ჯანსაღი ქალაქი არ არის მხოლოდ ხედვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც გვაკისრია მოსახლეობის წინაშე, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შევიმუშაოთ ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობას; შევქმნათ და განვახორციელოთ პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას. ჩვენი მიზანია, ასევე, შეიქმნას ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მის პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ორდღიან ფორუმზე განიხილება ისეთი ტიპის საკითხები, როგორებიცაა: ეკო-ტრანსპორტი და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევის სტრატეგიები და სხვა.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.