ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საია: პირის ქვეყანაში შემოსვლაზე უკანონო უარის გამო, შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორ საიაში განმარტავენ, საქმის გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით.

„მოსარჩელეს აეროპორტში განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მას არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება და მას მოუწია უკან გაბრუნება. ამ პერიოდში, კოვიდ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში მოქმედებდა საერთაშორისო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლის შესაძლებლობას, მათ შორის გერმანიიდან.

თუმცა, სასამართლოში სადავო გახდა, რამდენად გულისხმობდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლა ტრანზიტულად, მესამე ქვეყნის გამოყენებით შემოსვლას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ნორმაში მოსარჩელის ჩამოსვლის მეორე დღესვე შევიდა ცვლილება და დაემატა ტრანზიტულად შემოსვლის შესაძლებლობაც.

სასამართლომ განმარტა, რომ როგორც კანონის, ისე, კანონქვემდებარე აქტის ნორმის განმარტება უნდა მოხდეს არა მხოლოდ გრამატიკულად, არამედ, სისტემურად და გათვალისწინებული უნდა იყოს კანონმდებლის მიზანი. სასამართლომ, სხვა ნორმებთან ურთიერთკავშირის შესწავლის გზით დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენდა ტრანზიტული ქვეყნის გამოყენებით ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა. შესაბამისად, გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად, სრულად დააკმაყოფილა სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში“, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.