სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია.
„2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი - 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს. 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 39.5 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით (19.3 პროცენტი)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.