ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

TI: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს.

საუბარია, 2024 წლის 29 მაისს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.

„საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული ცვლილებათა პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბერს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციის შესრულებას ისახავდა მიზნად. ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად 9 პირობიდან, ერთ-ერთი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას ეხებოდა.

თუმცა მიღებული ცვლილებები არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის არცერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციას, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ დანიშვნასა და ბიუროსთვის გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებას. გარდა ამისა, რიგი მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები აუარესებს არსებულ რეგულაციებს და კითხვებს აჩენს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. რიგ შემთხვევაში, ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ევროკომისიის და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და ამასთან, აუარესებს არსებულ პრაქტიკას.

მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა რამდენიმე:

პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება

პაკეტის ერთ-ერთი თანმდევი პროექტი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონში ითვალისწინებდა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია. მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია ბიუროს 2 კალენდარული წლის განმავლობაში ფინანსურ დეკლარაციას არ წარუდგენს ან ზედიზედ 2 წლის განმავლობაში წარდგენილ დეკლარაციაში ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კი, პარტიის დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს.

შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით, აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მით უფრო, იმ საფუძვლებით რასაც მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს – 2 წლის მანძილზე ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობა ან როცა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში პარტიას შემოსავალი და ხარჯი არ ჰქონია.

გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს „სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების“ შემდეგი ღონისძიებები: ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა. აღნიშნული ცვლილების დანიშნულება და საჭიროება გარკვეულ კითხვებს აჩენს, რომლებსაც ხელისუფლებისგან დასაბუთებული პასუხის გაცემა ესაჭიროება, მით უფრო მაშინ, როცა ევროკომისია და ვენეციის კომისია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მყარი გარანტიების შექმნას  მოითხოვდა.

განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან წვდომა

მიღებული ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

განსაკუთრებული კატეგორიაში შედის მათ შორის, მონაცემი, რომელიც უკავშირდება პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას.

აღნიშნული ცვლილება თავდაპირველად ინიციირებულ ვერსიაში არ იყო, და შესაბამისად, ამ ცვლილების საჭიროება განმარტებით ბარათში მოცემული არ არის.

დეკლარაციების საჯაროობის შეზღუდვა

მიღებული ცვლილებების თანახმად, თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირს მიუთითებს ხარვეზზე დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში და მისი აღმოფხვრისთვის ასევე 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. შესაბამისად, ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება ამ თანამდებობის პირის დეკლარაცია აღნიშნული პერიოდის მანძილზე არ გაასაჯაროოს და ამასთან, მასში ასახული ინფორმაცია არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს.

ეს ცვლილება ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რადგან დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის დაწესებული გამონაკლისი

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში შევა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უწყების ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, ასევე დანამატების, შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრისთვის მთავრობის თანხმობა აღარ დასჭირდება.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახალი უფლებამოსილების გადაცემა

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებით, მისი ერთ-ერთი ფუნქცია „საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით პროგრამების, შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი“ იყო. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით კი, საჯარო სამსახურის ბიუროს ეს ფუნქცია, ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცა. კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ანტიკორუფციული  ბიურო „შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.“, – ნათქვამია TI-ს განცხადებაში.