ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გაეროს კომისიის ანგარიში: გამოძიების თანახმად, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ომის დანაშაულები ჩაიდინეს ისრაელმაც და „ჰამასმაც“

გაერო-ს გამოძიების თანახმად, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ომის დანაშაულები ჩაიდინეს ისრაელმაც და „ჰამასმაც“.

ამის შესახებ ანგარიში გაეროს კომისიამ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისა და ღაზის სექტორში კონფლიქტის პირველი რამდენიმე თვის გამოძიების შემდეგ გამოაქვეყნა.

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის მოხსენებები 7 ოქტომბერს იწყება, იმ დღეს, როდესაც „ჰამასი“ და პალესტინის სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები ისრაელის სამხრეთით ადამიანებს დაესხნენ თავს, ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი გაიტაცეს. ამ დღეს 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-მდე გაიტაცეს.

კომისია აღნიშნავს, რომ თავდასხმის დღეს „ჰამასის“ მხრიდან ომის დანაშაულები მოიცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ თავდასხმებს, მკვლელობას ან განზრახ მკვლელობას, წამებას, არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფას და მძევლების აყვანას, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ.

ამავე დროს კომისიამ დაადგინა, რომ კონფლიქტის პირველ 2.5 თვეში ისრაელმა ჩაიდინა როგორც ომის დანაშაულები, ასევე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ – ეს უკანასკნელი განისაზღვრა ფართომასშტაბიანი, სისტემური თავდასხმით, რომელიც მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ისრაელის სავარაუდო სამხედრო დანაშაულები მოიცავს შიმშილს, თვითნებურ დაკავებას და ათიათასობით ბავშვის მკვლელობასა და დასახიჩრებას.

200-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, ისრაელმაც და „ჰამასმაც“ ჩაიდინეს სექსუალური ძალადობა, წამება და განზრახ თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას.