მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით შეცვლილი ტენდენციებისა და გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფების და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედების პერსპექტივებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიმდინარეობდა ახალი ბიზნესპროექტების შემუშავებისა და განხორციელების მცდელობები.
„ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახური ატარებდა აქტიურ ღონისძიებებს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის პრევენციისა და მათი დირექტივებით მოქმედი კერძო ორგანიზაციების გამოვლენის მიმართულებით“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სუს-ი განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, რადგან ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის სფეროში კვლავ შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა.