თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება და ივლისში დასრულდება.
„ეს არის რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებული მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით,“ — აღნიშნა კახა კალაძემ დღეს, 13 ივნისს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე,
მისივე თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.
კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობისას 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.