სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 11 მაისის ღამეს, ლეონიძის ქუჩაზე, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებენ უწყებაში.
11 მაისს, გვიან ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს, შემდეგ კი დააკავეს. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მოქალაქე ლექსო სამხარაძემ გაავრცელა.