ოპოზიციონერმა აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა წუხელ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში “მონა” უწოდა, რის შემდეგაც გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ.
დეპუტატი სწორედ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში”.
„გუშინ გახლდით ჩემი სახლის შორი-ახლოს სუპერმარკეტში, რა დროსაც შორიდან რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო. დახლებს შორის ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, რომელმაც მომაძახა, ვარ თუ არა ბექა ოდიშარია, რაც სიამოვნებით დავუდასტურე. შემდეგ დაიძახა მხოლოდ ეს ფრაზა: „შენ რუსულ კანონზე ხელმომწერი ხარო”.
მე „რუსულ კანონზე” ხელისმომწერი, რა თქმა უნდა, არ ვარ. ბუნებაში არანაირი რუსული კანონი არ არსებობს - არსებობს ქართული კანონი.
ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში. 150-მეტრიანი სივრცე გამოიარა და ერთი პროდუქტიც არ ეჭირა ხელში.
როგორც კი მან „რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან.
ის მუდმივად ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავდა.
საბოლოო ჯამში, მას ეტყობა ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა”, - აღნიშნა ოდიშარიამ.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას სუპერმარკეტში მოქალაქემ “მონა” და „რუსი“ უწოდა.