ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის წევრები ახალისებენ, ამართლებენ ძალადობას, ეს არის რუსული სტილის პოლიტიკა

არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება - მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები რუსეთში ხდება.

,,14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა ღრმად მრწამს, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება შევეხოთ ერთ კატეგორიას და არა ზოგადად, ადამიანის უფლებებს, ამიტომ ამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ. არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა და მე არ შემიძლია ამ ქმედებების სხვაგვარად დახასიათება, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლებია, საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ქცევა და ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართული ქმედებები. ამას საქართველოში ქართველი ვერანაირად ვერ გაამართლებს",- განაცხადა პრეზიდენტმა.