,,სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც მათი ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში წერს, მომხდარი ხელისუფლების მიერ იყო კოორდინირებული.
,,დღეს, ვანო ჩხიკვაძეს, ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფი და სამთავრობო მედიის წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ. ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში მის გამოსვლას ეხმაურებოდა. ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ.
ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს - ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ვანო ჩხიკვაძის სულისკვეთება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისა და ამ პროცესის თანმდევი სიკეთის შესახებ შეუთავსებელია ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიღო რუსული კანონი - ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლო.
„ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ემეტება ის, რისთვისაც ვანო ჩხიკვაძე სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად იბრძვის - ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა",- წერია განცხადებაში.
მოქალაქეები ივანე ჩხიკვაძეს უწოდებდნენ: ,,გამყიდველს", ,,სახელმწიფოს მტერს", ,,სერგო ორჯონიკიძეს" და ,,სოროსის ფულზე გაყიდულ აგენტს".