როდესაც სამოქმედო გეგმა დაიდება მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და გამჭვირვალე, მაშინ ის მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს, რათა მეორე სამშვიდობო სამიტზე დავაფიქსიროთ ომის რეალური დასასრული, - განაცხადა გლობალური სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა.
„ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება, მიღწეული იყოს ჭეშმარიტად ხანგრძლივი გზით. ჩვენთვის საფუძველია გაერო-ს წესდება. შემდეგ კი, როცა სამოქმედო გეგმა იარსებებს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და ხალხისთვის გამჭვირვალე, მაშინ ის მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს სამიტში მაგრამ, იზიარებს იგივე ღირებულებებს, შეძლებს შეუერთდეს მშვიდობის ფორმულაზე მუშაობას მომდევნო ეტაპზე.
„ომის იდეა უკვე წაგებულია. პუტინი ულტიმატუმების ენიდან უნდა გადავიდეს მსოფლიო უმრავლესობის ენაზე, რომელსაც სამართლიანი მშვიდობა სურს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.