აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, „კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი“.
მათი განცხადებით, „აგენტების კანონი“ ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას.
კონგრესმენების შეფასებით, „ამ კანონპროექტის მიღებით დაითრგუნება საქართველოს ხალხის ნება, რომელიც თავის მომავალს დასავლეთში ეძებს“. ამასთან, ისინი თვლიან, რომ საქართველოში ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს „რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას“.
გარდა ამისა, ამერიკელი კანონმდებლები წერილში გმობენ „ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს“.
კონგრესმენები ირაკლი კობახიძის მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მთავრობის რეაქციის გამო, მათ იციან აქციების „მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ“.
„იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას, ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოების და მათ მიმართ ფინანსური სანქციების ჩათვლით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძირი გამოუთხარა“ - წერენ კონგრესმენები.
კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ თომას მაკკოლთან ერთად ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა 25 კონგრესმენი.