ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სახალხო დამცველი: საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია

საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ,,ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა.

,,საქართველოში 14 პენიტენციური დაწესებულებაა, მასში შედის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაც. ყველა მათგანს მონიტორინგი გავუწიეთ, ყველგან ვიცი რა მდგომარეობაა, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ბოლოს ლაითურის ახალგახსნილ დაწესებულებაში ვიყავი, რამდენიმე დღის წინ კი, მე-8 დაწესებულების ნაწილში, ე.წ. ყოფილ მატროსოვში. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა. ახლახან გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ანგარიში, სადაც საქართველო თურქეთის შემდეგ, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზეა. საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია. ასევე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით, რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში მთელი პენიტენციური სისტემის პატიმრების რაოდენობის თითქმის, 35%-ია თავმოყრილი, ხოლო თუ ამას მე-2 და მე-8 დაწესებულებასაც დავამატებთ, 4 დაწესებულებაში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან სულ მცირე, 2 ახალი, საშუალოდ 500-კაციანი დაწესებულება სჭირდება. ამავე დროს, პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად აუცილებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. ვფიქრობ, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის",- განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველი ინტერვიუში უვადო მსჯავრდებულებზეც საუბრობს. იოსელიანის თქმით, ბევრი განაჩენი, განსაკუთრებით, რომელიც 2012 წლამდეა გამოტანილი, მტკიცებულებების ძალიან დაბალი სტანდარტითაა მიღებული.

,,82 უვადო მსჯავრდებულია საქართველოში, აქედან 1 არის ქალი. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან 2012 წლის ამნისტია ყველას შეეხო და დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მათგანმა ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა. ჩემი აზრით, ძალიან ცინიკური ჩანაწერი გაკეთდა კანონში, როდესაც თან თქვეს, უვადო პატიმრებს ამნისტია ეხებაო, მაგრამ ვინაიდან მათ დანიშნული სასჯელი არ ჰქონდათ, კანონი კი დანიშნული სასჯელის რაღაც ნაწილის შემცირებას ითვალისწინებდა, უვადოების შემთხვევაში ვერც ვერაფერი შემცირდებოდა. კანონში ჩაიწერა, რომ ეხებოდათ, მაგრამ ამავე დროს არ ეხებოდათ. 2021 წელს სახელმწიფომ საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა უვადო პატიმრების სასჯელის შემცირებისა და მათი განთავისუფლებისთვის მომზადების შესახებ, რომელიც 2-წლიან პროგრამას გულისხმობს. თუ აღნიშნულ პროგრამას უვადო პატიმრობაში მყოფი პირი გაივლიდა, მას საშუალება ჰქონდა სასამართლოსთვის მიემართა [ეს პროგრამა დღესაც არსებობს] და მისთვის სასჯელი შეემცირებინათ, ან თუ 20 წელზე მეტი ჰქონდა მოხდილი, სასჯელისგან გაეთავისუფლებინა. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა უვადო სასჯელის გადახედვას ახალ გამოვლენილი გარემოებების გარდა არ ითვალისწინებს, სხვა მექანიზმი იმისა, რომ უვადო მსჯავრდებულს რამე შეეხოს, არ არსებობს. 50-მა, ან ცოტა მეტმა მსჯავრდებულმა გაიარა ეს პროგრამა. 2 თვის წინანდელი მონაცემებით, 19-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, ყველა მათგანს უარი მოუვიდა სასჯელის როგორც შემცირებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ანუ გამოვიდა, რომ პატიმრებმა, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს, 2 წელი პატარა ბავშვებივით იარეს სკოლაში. ეს ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამაა, ამეცადინებდნენ ლიტერატურიდან დაწყებული, სხვა მნიშვნელოვანი საგნებით, ამ ადამიანებს ტოტალურად ეთქვათ უარი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ვალდებულება, რაც მათ წინაშე აიღო, პრაქტიკულად არ შეასრულა და ეს პროცესი ჩიხში შევიდა. ამას 2023 წლის ჩემს ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ, რათა განსაკუთრებით, სასამართლომ გადახედოს ამ საკითხებს და რეალურად მათი საქმეების შესწავლა დაიწყოს - ვისაც სასჯელი შესამცირებელი აქვს, შეუმციროს და ვინც გასათავისუფლებელია, გაათავისუფლოს. ადამიანი, რომელსაც 20-25 წელი მოხდილი აქვს და ციხეში 18-19 წლის ასაკში მოხვდა, ფაქტობრივად ფუნდამენტურად შეცვლილია. ბევრმა მათგანმა დანაშაული პატარა ასაკში ჩაიდინა, ამიტომ სახელმწიფოს უფრო ჰუმანური მიდგომა უნდა ჰქონდეს ასეთი ტიპის მსჯავდრებულების მიმართ. ძალიან ბევრ უვადო მისჯილ პატიმარს შევხვდი, თითქმის ყველას, ვინც სურვილი გამოთქვა, მხოლოდ რამდენიმემ არ ისურვა შეხვედრა. მათთან საუბრისას მივხვდი, რომ ბევრი განაჩენი, განსაკუთრებით, რომელიც 2012 წლამდეა გამოტანილი, მტკიცებულებების ძალიან დაბალი სტანდარტითაა მიღებული. ჩვენ 2012 წლამდე მისჯილი უვადო პატიმრების განაჩენების შესწავლა დავიწყეთ. ვფიქრობ, შემოდგომაზე სპეციალურ ანგარიშს გავაკეთებთ, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ. ეს არის საკითხი, რაზეც ახლა აქტიურად ვმუშაობ.

რამდენიმე ადამიანია გათავისუფლებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში. თუ არ ვცდები, სულ 12, ძირითადად, შეწყალებებით. მნიშვნელოვანი სტატისტიკაა ის, რომ უვადო მისჯილებს სხვა სასჯელმისჯილებისგან განსხვავებით ახალი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მათთან რეციდივის მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანმა, რომელმაც, რამდენიმე ათეული წელი ციხეში გაატარა, მან რეალურად გაიაზრა თავისი დანაშაული და ციხიდან პოტენციური დამნაშავე არ გამოვა. ზოგადად, სასჯელის მიზანი კანონის თანახმადაც და ზოგადადაც, ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა არაა. სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, საფრთხის მყისიერად აღკვეთა, ადამიანის რესოციალიზაცია და თანამედროვე საზოგადოებაში მომზადებული დაბრუნებაა. ეს მიზნები თუ მიღწეულია, მაშინ მისი ციხეში ყოფნის აუცილებლობა აღარ არსებობს",- აცხადებს იოსელიანი.

ომბუდსმენი შოვის ტრაგედიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

,,შოვის ტრაგედიასთან მიმართებაში კარგია, რომ ჩვენ დაშვება გვაქვს საქმის მასალებზე და შესწავლა დავიწყეთ. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს საქმე საკმაოდ მოცულობითია და ალბათ გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევისწავლოთ, ეს ალბათ, სრულფასოვნად 2024 წლის ანგარიშში აისახება. გარდა იმისა, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება, ჩვენი კვლევის საგანია, რამდენად ეფექტური იყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს უნდა გაეტარებინათ, რამდენად იყო შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება და ადამიანების ევაკუაციის განხორციელება. ეს ის საკითხებია, რასაც სიცოცხლის უფლების ჭრილში ვსწავლობთ და გარდა გამოძიების ჩატარების ეფექტურობისა, ამ კითხვებზე ჩვენი მანდატის ფარგლებში პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას",- განაცხადა იოსელიანმა.