2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოუსადეგარი თემაა.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ გახსოვთ რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა თქვენი ტელევიზიების მხრიდან, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იტყუებოდით და იტყუებოდნენ. თქვენ იტყუებოდით, რომ კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი და შემდეგ, წელიწად-ნახევრის თავზე, როდესაც გვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თქვენვე ამტკიცებდით იმას, რომ არავითარი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი არ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, ყალბი მესიჯებით ცდილობდით, რომ შეგექმნათ აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომ გეცადათ რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაგივარდათ.
მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდეგ დღეს ეს შანსი არის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.