შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებული როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.