ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

არასამთავრობოები: აქციების მონაწილეების მიმართ სასამართლო ჯარიმები 150 000 ლარს აჭარბებს

12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აპრილი-მაისის პერიოდში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას აგრძელებს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, 10 ივნისის მდგომარეობით, ქსელი სამართლებრივ დახმარებას 375 პირს უწევს, რომელთაგან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას 216 პირს ედავებიან. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებასა და ჩატარების წესის დარღევას - 61-ს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას/ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას - 8 მოქალაქეს. 

მათივე ცნობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებული საქმეების ფარგლებში ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღემატება 150 000 ლარს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის განხილული საქმეებიდან 90%-ზე მეტ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა.