საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განაცხადებით, გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა ის პრინციპები და ფასეულობებია, რაზედაც დგას თანამედროვე დემოკრატიები და მათი უგულებელყოფა სასიკეთო პროცესებამდე არ მიგვიყვანს.
იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ გამჭვირვალობის თაობაზე, პარტნიორების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა გადაიხედება.
„ბევრი დისკუსია და პოზიცია გავიგეთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყოველი კრიტიკული მომენტის დროს მხოლოდ პროგრესი გვქონდა, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. აქამდეც არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა პოზიციები რეალობას არ ეფუძნებოდა და მხოლოდ კრიტიკული იყო, საბოლოო ჯამში, ბოდიშის მოხდის საგანიც გამხდარა. მაგალითად, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს იღებდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწიათ აღიარება, რომ პირველ ჯერზე სტატუსის არმონიჭება მათი მხრიდან შეცდომა იყო. ეს აღიარებული იყო. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა ის პრინციპები და ფასეულობებია, რაზეც დგას თანამედროვე დემოკრატიები. მათი უგულებელყოფა სასიკეთო პროცესებამდე არ მიგვიყვანს. გამჭვირვალობის თაობაზე კრიტიკა გვესმის. აქაც ზუსტად იგივე საკითხი იქნება, როგორც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პატიმრობა იყო კანონის უზენაესობის ნაწილი და მისი გათავისუფლება იქნებოდა კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა. დარწმუნებული ვარ, საუბრები და შეფასებები, საბოლოო ჯამში, გადახედილი იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის ელჩის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში გამოჩნდება, „აგენტების კანონის“ საპასუხოდ, რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში.