ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

GWP: წიწამურთან წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოების დასრულება ოთხ დღეშია დაგეგმილი

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან, 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია და მუდმივად საჭიროებს დამატებით უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

ქსელის დიაგონისტირების დასრულებისა და შესაბამისი დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე დაიწყება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება ოთხ დღეშია დაგეგმილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

16 ივნისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

თბილისის ნაწილი უკვე 6 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.