საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს ჰამბურგში დღეს დაუპირისპირდება. თამაში საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
პირველი მატჩი, რომელიც ჯვაროსნებმა 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართეს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა და კარგი თამაშის მიუხედავად, ქართველების მარცხით დასრულდა.
როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, წინა თამაში გაანალიზეს და ეცდებიან შეცდომები გამოასწორონ.
"განვლილი მატჩის შემდეგ ვაანალიზებთ ჩვენს თამაშს, ვნახულობთ რა გვქონდა კარგი და რა ცუდი, კარგი კვლავ უნდა გავიმეოროთ, ხოლო ცუდი უნდა გამოვასწოროთ. თურქეთთან მატჩის შედეგით იმედგაცრუებული დავრჩით, ასეთი დონის ტურნირზე მსგავსი შეგრძნება როცა გრჩება, ნიშნავს რომ ნაბიჯებს წინ ვდგამთ და ვვითარდებით", - განაცხადა სანიოლმა.