რიგი პარტიები და „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნების გზით შეიცვალოს და სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდეს.
მისივე თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ,,ოცნების" ხელისუფლების ცვლილების გზით.
„ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის მიერ დაორგანიზდა ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრება ბრიუსელში. ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ, დასავლურ, ეროვნულ ოპოზიციას გააჩნია არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ორდღიანი შეხვედრა შედგა, რაც დასრულდა საერთო რეზოლუციის დოკუმენტის მიღებით. რიგი პარტიები და ,,ლელო” იღებს ვალდებულებას, რომ როგორც არჩევნებამდე ისე არჩევნების შემდგომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნების გზით შეიცვალოს და სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა.
ევროპარლამენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები, დემოკრატიული ცვლილებები, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას რაც შეიძლება სწრაფად და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ,,ოცნების" ხელისუფლების ცვლილების გზით. ბრიუსელში ხელმოწერილ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი, ერთობლივი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, ხმების დასაცავად და ერთიანობა არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.