„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაინული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ხომერიკის თქმით, ოფისში შესულს ფანჯრები ჩამსხვრეული დახვდა, რაც მისი აზრით, მძიმე საგნის სროლის შედეგია.
ხომერიკი ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.
„მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული“, - განაცხადა დავით ხომერიკმა.