21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 21 წლის გოგო 59 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.
„ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები კისრის, სახის, თავის, ზურგის, ზედა და ქვედა კიდურებზე, მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, ის ოთარ ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა, იმ დოზით აქვს დარტყმული, რომ ქეთევან ჯავახიშვილისგან სამედიცინო ექსპერტიზით იქნა დანის წვერი ამოღებული.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ცინდელიანი ბებიასთან მიდის, იბანს და სისხლიან ტანსაცმელს ყრის, შემდეგ კი მამას უკავშირდება და ზუგდიდში მიემართება, საიდანაც სვანეთში გადასვლას ცდილობს. 02:30 საათია მკვლელობის დრო, მთელი დღის გასვლა რატომ დასჭირდა, რომ პოლიციაში გამოცხადებულიყო? ეს არ არის გამოცხადება, ეს არ არის თანამშრომლობა. ქეთევან ჯავახიშვილი 59 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი იმდენად დასახიჩრებული იყო, მეზობელს ის მამაკაცი ეგონა, მასთან შემდეგ მამა მივიდა, ცხედარი გადმოაბრუნა და მისი დასახიჩრებული შვილი შერჩა. პრაქტიკულად არც ერთი ორგანო მთელი არ ჰქონდა, ამაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ბრალდების მხარეს ვერ წარმოუდგენია, ეს იყო გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა. ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკებს სისტემატურად მოიხმარდა",- განაცხადა ვეფხვაძემ.
სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.