რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც. მიუხედავად ტკივილებისა, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა
მისი შეფასებით, ქვეყანაში მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, რაც ძალიან საშიშია.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად გვაწუხებს ის აშკარა საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა მოჰყვეს. ასეთ საგანგებო ვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოცხალი რწმენით ოთხი ნასაზრდოები სულიერი სიბრძნე, რადგან იგი საკაცობრიო ცხოვრების გამოცდილებას საღვთო სიბრძნის ჭრილში განჭვრეტს და აფასებს...
მიუხედავად ტკივილებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა“, - განაცხადა მეუფე გროგოლმა.