სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ატარებს, რომელშიც ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, ვაშინგტონი მზადაა, უზრუნველყოს აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
„ვიმედოვნებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რაც შეიძლება მალე იპოვიან შეხვედრის შესაძლებლობას. ეს თუ ვაშინგტონში მოხდება, ჩვენ მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი და შევასრულოთ ის როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია. არის კომუნიკაციის ბევრი არხი და ორივე მხარე ინარჩუნებს ძალიან ეფექტიან პირდაპირ კომუნიკაციას. ჩვენ ამ პროცესში როგორც მეგობრები, ისე ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში შორის მყარი მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.
„30-ზე მეტი წლის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ შემდეგ ის საზოგადოებებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზრდება. ვფიქრობ, რომ საზღვრის დემარკაციის შესახებ ცოტა ხნის წინანდელი შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო”, - განაცხად ო’ბრაიენმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.
„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მედიიდან გავიგეთ. ასე რომ, ეს არ არის შეთანხმებული ძალისხმევა. სომხეთი ცდილობს, გახდეს სტაბილური სახელმწიფო, ვფიქრობ, პარტნიორად რომელიც დამოკიდებული არ არის რუსეთზე, რადგან რუსეთის დახმარება ხშირად ხდება გარკვეული პირობებით და გავლენით, რაც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
ვაშინგტონში 9-11 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.