14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა.
ადრეული ქორწინების მსხვერპლი, აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თვლიდა, რომ აითაჯმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და, როგორც ქალს, არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება. ბრალდებულმა კაცმა 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
14 წლის აითაჯის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე – მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს.