თავდაცვის ძალების თადარიგის ვიცე- პოლკოვნიკი, ლევან ასათიანი TV 24 - ის ეთერში ბოლნისის ავიაკატასტროფაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საფრენი აპარატი, რომელიც დღეს ჩამოვარდა, ძალიან მოძველებულია.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სამხედროებს ჰქონდათ საუბარი, სუ25 ტიპის საფრენი აპარატები მათთვის გადაეცათ, რადგან ისინი ბევრად ეფექტურად გამოიყენებდნენ.
„სუ25 ტიპის საფრენი აპარატები ძალიან მოძველებულია და სამწუხაროა, რომ მისი ჩანაცვლება და განახლება არ მოხდა. როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, გვქონდა სამხედროებს საუბარი, რომ კარგი იქნებოდა ეს საფრენი აპარატები უკრაინელებისთვის მიგვეცა, ისინი უფრო ეფექტურად გამოიყენებდნენ და სავარაუდოდ, ჩვენ სხვა საფრენ აპარატებს მივიღებდით, რომელიმე მეგობარი ქვეყნიდან, თუნდაც სახმელეთო, ან საჰაერო კომპონენტის.
ამით უფრო თანამედროვეს გავხდიდით შეიარაღებულ ჯარებში საჰაერო, ან სახმელეთო მიმართულებას. მესმის, რომ ეს შესაძლოა, რუსებს აღექვათ, როგორც აგრესია ჩვენი მხრიდან და სხვა თვალით დაეწყოთ ყურება, მაგრამ შეიძლებოდა სხვანაირი განხილვა და თან ჩვენ წვლილს შევიტანდით უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენი საერთი მტრის წინააღდმეგ“,- განაცხადა ასათიანმა.
ვიცე-პოლკოვნიკს კატასტროფის მიზეზებზე საუბარი უჭირს, მაგრამ ადამიანურ ფაქტორს გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ პილოტი გამოცდილი იყო და მომხდარს უფრო ტექნიკური გაუმართაობას უკავშირებს.
მისი თქმით, ავაიცია ქვეყნისთვის საჭიროა, მიუხედავად იმის, რომ ძვირი ჯდება.
„ავიაცია საჭიროა, მაგრამ როგორი გვინდა ეგ განსასაზღვრია. ფაქტობრივად, დრონებმა ჩაანაცვლეს ის, რასაც სუ25 აკეთებდა“,- ამბობს ასათიანი.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განიცადა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. შემთხვევა ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს მოხდა, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი.