საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.
„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს.
„მზად ვართ, ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ წვლილის შეტანა კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს", - განაცხადა მინისტრმა.
არარატ მირზოიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.