ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლიანა ისაკაძეს კვირას დაკრძალავენ

ქართველ მუსიკოსს, მევიოლინეს, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტს, ლიანა ისაკაძეს კვირას დაკრძალავენ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დაგეგმილი.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით ვუერთდებით საერთო მწუხარებას უდიდესი მუსიკოსის, ვიოლინოს ჯადოქრის, ქალბატონ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოს დიდ მუსიკალურ საზოგადოებას. პანაშვიდები დაგეგმილია ვერის სასაფლაოზე მდებარე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარში. გასვენება - კვირას, 7 ივლისს, 14:00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან“,-აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილი მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 

1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.