საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სადაგის” წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა.
პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ ამ წამოწყებისათვის.
„დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გავიცანი და რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს და შემდგომშიც გააგრძელებენ. და ეს არის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ნიჭი, რომელიც გვაქვს და ის არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც გვყავს, რაც თავისთავად, ჩვენი გამარჯვებაა. ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, დიდებსა თუ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი მომავალი საზოგადოება, რომელიც არის შეგნებული, შემართებული და ყოველთვის გაიმარჯვებს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტესტმატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.