ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მასობრივი მოსმენების საქმეზე სტრასბურგს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოადგენს შვიდ განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები - მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები.

„2021 წლის სექტემბერში მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რელიგიური ფიგურებისა და მათთან დაკავშირებული, ან/და რელიგიის საკითხებზე მომუშავე პირების პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების, გაჟონვის თაობაზე. კრებსები, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2013-2021 წლებში მასობრივი უკანონო ფარული მიყურადების შედეგად მომზადდა, მოიცავდა განმცხადებლების კერძო სატელეფონო კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციასაც.

განმცხადებლებმა, ისევე როგორც სავარაუდო მოსმენების სხვა არაერთმა ადრესატმა, დაადასტურეს კრებსებში გადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობა. როგორც გავრცელებული მასალების შინაარსიდან ჩანს, ხდებოდა განმცხადებლების ყოველდღიური კომუნიკაციების მიყურადება და ჩაწერა, მათ შორის, მათ საქმიანობასა და ბენეფიციარების სამართლებრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ე.წ. კრებსების შინაარსის გათვალისწინებით აღქმადი იყო, რომ სავარაუდოდ სუს-ი განმცხადებლებსა და სხვადასხვა პირებს შორის როგორც საქმიან, აგრეთვე პირად კომუნიკაციას ისმენდა და იწერდა. ფარული მოსმენა სავარაუდოდ ღია სატელეფონო ქსელზე მიმდინარეობდა და მას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. სავარაუდოდ, სუს-ი მოსმენას ყოველდღიურად ახორციელებდა.

ამასთან, კრებსებში ასახული კომუნიკაციები არ უკავშირდება დანაშაულის გამოძიების ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნებს, რაც ცხადად მიუთითებს მოსმენების უკანონო და თვითნებურ ხასიათზე. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იძებნება სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ფარული მიყურადების კანონის შესაბამისად წარმოებას. განმცხადებლების წარმომადგენლებმა არაერთი სახელმწიფო უწყებას მიმართეს ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, თუმცა, ყველა შემთხვევაში დადასტურდა, რომ განმცხადებლების მიმართ ფარული მიყურადება არ წარმოებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

მიუხედავად განმცხადებლების არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საქმეზე სიმართლის დასადგენად. გაჟონილ კრებსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის ნების არარსებობაზე. კერძოდ, მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება არსებითად გაჭიანურებულია, სუს-ის იმ თანამშრომლების გამოკითხვა, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ფარულ მიყურადებაზე რამდენიმე კვირის დაგვიანებით განხორციელდა, რამაც მათი ჩვენებების შეთანხმებისა და მტკიცებულებების განადგურების რისკი შექმნა. ამასთან ერთად, ამ დრომდე არ არიან გამოკითხულები სუს-ის მაღალჩინოსნები და ამ დრომდე არ არის მიღებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც შესაძლოა გამოძიებისთვის განსაკუთრებით ინფორმაციული იყოს.

საქართველოში უკანონო მოსმენები მუდმივად გამოიყენებოდა სხვადასხვა ხელისუფლების ხელში ოპონენტთა დაშინებისა და შანტაჟის ინსტრუმენტად. ფარული მიყურადების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მათ შორის, განპირობებულია სამართლებრივი და ინსტიტუციური ხარვეზებით, რომლის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებაზეც წლების განმავლობაში უთითებდნენ ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განმცხადებლები დავობენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში. კერძოდ, ხელისუფლებამ მათ მიმართ განახორციელა უკანონო ფარული მიყურადება, ხოლო პროკურატურამ არ ჩაატარა ამ დანაშაული ეფექტიანი გამოძიება. განმცხადებლები ასევე დავობენ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ისინი უკანონო ფარული მიყურადებისგან, მათ შორის, ხარვეზიანი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს გამო.

საქართველოს კანონმდებლობით, ფარული მიყურადების განხორციელება დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის საფუძველზე. თუმცა, არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებს უკანონო მიყურადებისგან დაცვისთვის აუცილებელ გარანტიებს, რაც ხელისუფლებას პრაქტიკულად შეუზღუდავი და თვითნებური ფარული მიყურადების განხორციელების ბერკეტებს აძლევს. კერძოდ:

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონი, დანაშაულთა წრის ჩამოთვლის გარეშე, ფაქტობრივად აბსტრაქტული საფრთხის საფუძველზე, უშვებს განუსაზღვრელი დროით მიყურადების შესაძლებლობას;

სსსკ-ის საფუძველზე, მიყურადების განხორციელება დასაშვებია დანაშაულთა თითქმის ნახევრის გამოძიების მიზნებისთვის, მათ შორის, არაერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. მიყურადების ხანგრძლივობა კი, გარკვეული დანაშაულების შემთხვევაში, შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობის ვადით, ე. ი. წლების განმავლობაში გაგრძელდეს;

ფარული მიყურადების ავტორიზაცია ხდება სასამართლოს განჩინებით, თუმცა სასამართლო ზედამხედველობის ეფექტიანობა საეჭვოა, რადგან პრაქტიკაში, სასამართლო შუამდგომლობების 90%-ზე მეტს აკმაყოფილებს;

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი ნორმები, რომლებიც კომუნიკაციების კომპანიებს ავალდებულებს, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რეალურ დროში ჰქონდეს წვდომა მათი მომხმარებლების კომუნიკაციებზე, იძლევა სასამართლო კონტროლის გვერდის ავლით ფარული მიყურადების შესაძლებლობას;

ფარული მიყურადების პროცესზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ზედამხედველობა შემოიფარგლება ფორმალური კონტროლით, რაც გამოიხატება მისთვის პროკურატურის და სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებების მონაცემების შესაბამისობის შემოწმებაში;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინსპექტირება შეუძლია მხოლოდ შეზღუდული ფორმით, სპორადულად და მისგან წინასწარი ნებართვის მიღების შემდეგ, რაც ართულებს კანონდარღვევების გამოვლენას;
სუსტი და არაინკლუზიურია პარლამენტის ნდობის ჯგუფის კონტროლი ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე, რომელიც ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება;

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც აღჭურვილია ფარული მიყურადების განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით და ახორციელებს ფარულ მიყურადებას, არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, რომელიც აღჭურვილია საგამოძიებო და დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი ფუნქციებით;
ბუნდოვანია ფარული მიყურადების ფარგლებში მოპოვებული მონაცემების შენახვის, წვდომის, გამოყენების, გაზიარების და განადგურების მარეგულირებელი წესები;

არ არსებობს მიყურადების ობიექტებისთვის ეფექტიანი შეტყობინების პროცედურა. მაგალითად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის საფუძველზე, მსხვერპლმა შესაძლოა ვერასოდეს შეიტყოს, რომ იგი მიყურადების ობიექტი იყო, ხოლო სსსკ-ის შემთხვევაში, პროკურორის მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ფარული მიყურადების პროცესზე ზედამხედველობის არქიტექტურის არაეფექტიანობა დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომაც, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე გარე ზედამხედველობის ღონისძიებები არასაკმარისია თვითნებობის აღსაკვეთად, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, რომელიც ფლობს და მართავს მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს, და არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, პირდაპირი წვდომა აქვს რეალურ დროში კომუნიკაციის მონაცემებზე და შეუძლია სასამართლოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გვერდის ავლით განახორციელოს მიყურადება.[1]

სამწუხაროდ, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის, 2022 წელს დაჩქარებული და არადემოკრატიული ფორმით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებამ, მისი ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გათავისუფლებამ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შეტანილმა ცვლილებებმა, არათუ გააუმჯობესა, არამედ კიდევ უფრო მყიფე გახადა ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიები.

ამგვარად, განმცხადებლების პირადი ცხოვრების უფლების უშუალო დარღვევის აღიარების მიღმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე სადავოდაა გამხდარი ასევე ქვეყანაში არსებული ფარული მიყურადების სისტემის კონვენციასთან შესაბამისობა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ ფარული მიყურადების მექანიზმის კონვენციასთან შესაბამისობაზე არასოდეს უმსჯელია, ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების საფუძველი გახდეს, რომელიც აღმოფხვრის უკანონო მიყურადების და ტოტალური მოსმენების საფრთხეებს.

მასობრივი მოსმენის პრაქტიკა მოქალაქეების სოციალური კონტროლისა და მათი დემობილიზების ინსტრუმენტია და ის კონფლიქტში მოდის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ქვეყანაში ავტორიტარიზმის აღმასვლის ფონზე, მასობრივი მოსმენების პრაქტიკა მოქალაქეების პირად ავტონომიაში ჩარევის, მათი შანტაჟირების და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის პარალიზების მძლავრი იარაღი შეიძლება გახდეს.

მასობრივი მოსმენების პრაქტიკის გამოყენება რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ორმაგად პრობლემურია, რადგან ის ერთის მხრივ, რელიგიურ ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლის პრაქტიკაზე მიანიშნებს, მეორეს მხრივ, კი სასულიერო პირების მრევლთან მუშაობასთან დაკავშირებული ინტიმურ და სენსიტიურ სფეროში ჩარევაზე. სასულიერო პირების პირად ცხოვრების მასშტაბური კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარების და პოლიტიკური ლოიალობის მოპოვების იარაღი შეიძლება გახდეს, რაც ძირს გამოუთხრის რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ნდობასა და პატივისცემას“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.