შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა დეპარტამენტმა (EAER) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.
ამ ქმედებით, შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის მიერ მიღებულ დამატებითი სანქციების სიას.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიისა და დესტაბილიზაციის საპასუხოდ, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, 24 ივნისს ევროკავშირმა, სანქციების მე-14 პაკეტის ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომები მიიღო.
თავის მხრივ, EAER-ი, მისი იურისდიქციის ფარგლებში, სანქციებს დაუწესებს კიდევ 69 ფიზიკურ და 86 იურიდიულ პირს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი სანქციები ძირითადად მიმართულია ბიზნესმენებზე, პროპაგანდისტებზე, შეიარაღებული ძალებისა და სასამართლოს წარმომადგენლებზე, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებსა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებზე.
სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც რუსეთის თავდაცვის სექტორში მოქმედი კომპანიები, ისე ფინანსურ და სავაჭრო სექტორში მყოფი კომპანიები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სანქციების გვერდის ავლაში.