ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სპორტული ჟურნალისტები: სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება - მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას

სპორტული ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „აგენტების კანონს“ გმობენ. მათი თქმით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.

„გასული კვირების განმავლობაში, თითოეული ჩვენგანი, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდა, თუმცა არსებული, მძიმე რეალობის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ საერთო განცხადება გავავრცელოთ.
ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული ჟურნალისტები, ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. ჩვენი აზრით ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული.

სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. სამწუხაროდ, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი სპორტსმენები არიან, რომლებსაც გამომდინარე მათი გამორჩეულად კარგი სპორტული კარიერისა, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა. ამისი დასტურია ის უდიდესი ისტორიული წარმატება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ერი ერთად ზეიმობდა და რომლის გამოც, კანონისთვის ხმის მიმცემ 84 დეპუტატს შორის მყოფი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ღირსების ორდენზეა წარდგენილი.

საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას!

ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და რა თქმა უნდა, ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას“, - აღნიშნულია სპორტული ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაში.