ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საგარეო უწყების განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ.

როგორც უწყებაში ამტკიცებენ, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.

„ყოველწლიურად საქართველოს დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, ერთიანი სამთავრობო კონცეფციის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავენ ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში - როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი.

შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს. წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს - ივნისის ბოლოსაც კი. ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.

სიუჟეტში ნახსენები ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და აუცილებლად ჩატარდება გარკვეული დროის შემდეგ“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე „ფორმულამ“ გაავრცელა ელექტრონული შეტყობინებები, სადაც საქართველოს საელჩო ესტონეთში, ბულგარეთში, ბელგიაში, ჩეხეთში და საკონსულო სან-ფრანცისკოში სტუმრებს აფრთხილებს, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები აღარ გაიმართება.