თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოველენებს ეხმაურება და „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართვას.
როგორც დუნდუა წერს, ყოველწლიურად ასეულობით სტუდენტთან უწევს შეხვედრა და ზუსტად იცის, “რა თაობა მოდის”.
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველწლიურად, ასეულობით სტუდენტთან მიწევს მუდმივად შეხვედრა. შესაბამისად, კარგად ვიცი, როგორი ახალგაზრდები გვყავს და, ზოგადად, “რა თაობა მოდის”. მაგრამ დღევანდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენს სტუდენტებსა და თსუ რექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პოლიტიკური კამათის, მწვავე დებატების, განსხვავებული აზრის მოსმენისა და. ზოგადად, პოლიტიკური კულტურის ისეთი დონე აჩვენეს, რაც არათუ ჩვენს პოლიტიკურ კლასს, არამედ ალბათ, ბევრი განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკურ სპექტრსაც შეშურდებოდა. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა ამ თავისუფალმა, კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებულმა,. “თამაშის წესების” პატიოსნად დამცველმა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდებმა გვაჩვენეს, როგორია ჭეშმარიტად ევროპული და ღირსეული ქცევის კულტურა.
ძალიან, ძალიან ამაყი ვარ თქვენით ჩვენო სტუდენტებო და, ზოგადად, ახალგაზრდებო!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორედ თქვენმა თაობამ უნდა შეგვიყვანს იმ აღთქმულ ქვეყანაში, რომლისთვისაც ამდენი წელია იბრძვიან თაობები.
მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ასეთები ხართ!
მადლობა თქვენ იმისთვის, რომ თქვენი წყალობით, უკეთესი მომავლის იმედი გვეძლევა ჩვენც!“, - წერს დუნდუა.