საქართველო გზაჯვარედინზეა და თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ევროკავშირის მხრიდან, შემიძლია დაგარწმუნოთ, ვთანხმდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი დიდი გაფართოებისას, მივიღოთ საქართველო. ამ დროისთვის ათი ქვეყანაა, რომლებიც ამ პროცესს გადის. საქართველო მრავალი წელი ლიდერობდა ამ ჯგუფს. სამწუხაროდ, ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, ვითარება გაურკვეველია“, - ამბობს ელჩი.
ჰერჩინსკის განმარტებით, გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
„შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.