ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვის შეიძლება დაუწესდეს სანქციები საქართველოში - რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება

დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Politico წერს.

ამერიკულმა გამოცემამ კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანქციების სამიზნე იქნებიან როგორიც მმართველი პარტიის კანონმდებლები და სამართალდამცავები, ასევე ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსი აგენტებიც.

სტატიის თანახმად, კანონპროექტი აშშ-ის ხელისუფლებას მისცემს მანდატს, სანქციები დააწესოს „მთავრობის ოფიციალური პირებისა და სხვების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“.

ამასთან, აშშ-ში მოგზაურობა შეეზღუდებათ იმ პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია „რუსული სტილის კანონის მიღებაზე“.

როგორც გამოცემა წერს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ოფიციალური პირები ღიად ესხმიან თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას და ამავდროულად ზრდიან კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.