საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.
კანონპროექტი ეხება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას და ის განისაზღვრება როგორც „საპენსიო ფონდი“.
კანონპროექტით მმართველობითი საბჭო შედგება არანაკლებ ცხრა და არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან ცხრა წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო ცხრა წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია, თანამდებობრივად დანიშნოს ორი წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება ხუთი წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ცვლილებებით ეროვნული ბანკი განახორციელებს საპენსიო ფონდის არა მარტო საინვესტიციო პოლიტიკის, როგორც ეს დღემდე იყო, არამედ ყველა საქმიანობის ზედამხედველობას. ეს შეეხება: შენატანების განხორციელებას, ადმინისტრირებას, ანგარიშების მართვას, ანაზღაურების პოლიტიკას და სხვა. კიდევ ერთი ცვლილება საინვესტიციო ლიმიტებს შეეხება.
„გასული წლის შემოდგომიდან მოქმედებს სამი საინვესტიციო პაკეტი და ე.წ კონსერვატიულ პაკეტში, დღევანდელი მოცემულობით, შეზღუდულია ე.წ. სხვა აქტივებში ინვესტირება. შემოგვაქვს წინადადება, რომ ამ კონკრეტულ პაკეტში დაშვებული იქნას 15%-ის ოდენობით სხვა აქტივებში ინვესტირების საშუალება. შესაბამისად, დაბალანსებულ და ე.წ მაღალი რისკის პაკეტებში 5-5%-ით 20-25%-მდე გაიზარდოს აღნიშნული ინვესტირების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც შეეხებოდა, მათ შორის, სხვა აქტივებს და საინვესტიციო ოფიცერს, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.