საფინანსო კომიტეტმა „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება.
მსხილაძის თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ცვლილებები არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით მიიღეს.
„ყველაზე მთავარი რისკი, რომელსაც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები იწვევს, ისაა, რომ არაა დასაბუთებული, რისთვის კეთდება ეს ცვლილებები. დაჩქარებული წესით იყო მიღებული და სათანადო დასაბუთება არ ახლავს. შესაბამისად, იქმნება კანონების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის დააშოროს. კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება. ძირითადად, ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ აღნიშნული ცვლილება არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით იქნა მიღებული. მეტი დასაბუთება, ანალიზი და პროგნოზი უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის რა სიკეთის მომტანია, რაც დასაბუთებაში ვერ ვნახეთ. დაჩქარებული წესით ასეთი ცვლილებების მიღება აჩენს ეჭვს, რომ პირიქით, რაიმე ისეთი არ მოხდეს და ქვეყანაში არ შემოვიდეს ისეთი ინვესტიცია, რომელიც იქნება საეჭვო წარმომავლობის“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.