სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
უწყების ინფორმაციით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე, 19 მაისს, გამთენიისას მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო", - წერს პროკურატურა.