ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევროსაბჭოს ექსპერტები: კანონი სრულად შეუსაბამოა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან

ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო „აგენტების კანონზე“ დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება".

ანგარიშის თანახმად, კანონში არის ასპექტები, რომლებიც გაურკვეველია, კერძოდ, განიხილება თუ არა სესხი შემოსავლად. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი საკითხების მოგვარებაც კი არ იქნება საკმარისი კანონის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ასევე, დასკვნაში მითითებულია, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად მოქმედებს სუბიექტებზე.

„კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად მოქმედებს სუბიექტებზე. დამატებით, კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული შემოსავლის სავარაუდო ჩართვა აშკარად თვითნებურია, რადგან სუბიექტები ვერ გაექცევიან რეგისტრაციის ვალდებულებას მაშინაც კი, თუ შემდგომში უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი მათი მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იქნება.

კანონი რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის ვალდებულებას აწესებს მაშინაც, როდესაც შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძლოა გამოქვეყნდეს ამა თუ იმ სუბიექტის ვებგვერდზე, რასაც ისინი უკვე აკეთებენ.

ამავდროულად, კანონის არაერთი დებულება ავალდებულებს სუბიექტებს, გასცენ პერსონალური ინფორმაცია, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასა და უცხო ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებთან.

ასევე, კანონი აწესებს მონიტორინგის უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებიც ძალიან ფართოა და გავლენას მოახდენს ყველა სამოქალაქო ორგანიზაციაზე – არა მხოლოდ მათზე, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარები არიან. ეს მონიტორინგი ზედმეტად ინვაზიური იქნება მისი დიაპაზონითა და სიხშირით.

ამასთან, კანონი აწესებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც აშკარად გადაჭარბებულია მისი რეგულაციისთვის. 

ამდენად, კანონის მოთხოვნათა არაპროპორციული ხასიათი აუცილებლად გამორიცხავს მის დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის.

თუმცა, კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან მის დებულებებში არაფერია, რაც მხარს დაუჭერს მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროდან გამომდინარე, მიუხედავად იმ საქმიანობის ბუნებისა, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.

კანონის დასაბუთების ამ სისუსტეს ემატება ის, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების გაუმართლებელ სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები მხოლოდ მათი ზოგიერთი შემოსავლის წყაროს გამო.

მსგავსი რამ გამართლებული არ არის, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციასთან, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც თავად საქართველომ აიღო.

რომ შევაჯამოთ: არ არსებობს ამ კანონის გამართლება, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს",- ნათქვამია დასკვნაში.