ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.

„დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი იმის შესახებ, რომ პირის მიმართ განხორციელებული მუქარების გამო თითქოსდა მიმდინარეობდა გამოძიება და ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა თითქოსდა პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ასევე, მეტი დამაჯერებლობისათვის, გაყალბდა სამედიცინო დაწესებულების სახელით გაცემული ფორმა #100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულა ყალბი დოკუმენტაციის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭედი“, - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.