ბათუმში სტუდენტების აქცია განახლდა. ისინი ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებიან და შემდგომი დღეები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ახალგაზრდების თქმით, პროტესტი და გაფიცვა კვლავ ძალაშია.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აუდიტორიებში დაბრუნებასა და სწავლის გაგრძელებას, ისევე როგორც ბოიკოტს, თითოეული სტუდენტი ინდივიდუალურად წყვეტს.
„მთავარი გეგმაა, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით - „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ პოლიტიკას“ არა ყველაფერ იმას, რაც ერთმანეთს გვაშორებს. არა იმას, რასაც გამოვყავართ სტუდენტები აუდიტორიიდან. გაფიცვა პერსონალური ნებაა და ჩვენ პერსონალურად ვცემთ პატივს. ანუ, თუ ვინმეს ექნება აუდიტორიებში შესვლის სურვილი, შევიდეს… ძირითადად უნივერსიტეტის მხრიდან ჩვენს მიმართ მხარდაჭერა არსებობს და გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ, ამიტომ ვიღაცას მისი გამოხატვის ფარგლებში საფრთხე არ დაემუქრება, რომ შემდეგ ვერ მიიღოს განათლება. ჩვენ აქ ვდგავართ და ველოდებით, რომ შემოგვიერთდნენ. ახალგაზრდები გვიერთდებიან და ამ გეგმას მათთან ერთად განვახორციელებთ. ქალაქის ყველა ქუჩას შემოვივლით, ეს იქნება მარშები თუ ღია ცის ქვეშ საპროტესტო ლექციები - დანებებას არ ვაპირებთ!”- აცხადებს სტუდენტი თემო ტარიელაძე, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
„არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ყველა წესიერი და ნორმალური ხელისუფლება, მაგრამ ესენი ისე შორს არიან წასულები მაგათ არჩევნების ჩატარებაც არ აწყობთ. ამიტომ მიერეკებიან ამ ქვეყანას ასე თავგადადებულნი ავანტიურისკენ, პროვოკაციებისკენ, ყველაფერი რაც თავისუფლებასთან არის წილნაყარი იმის უარყოფისაკენ.
67 წლის ვარ, სიცოცხლე არ მინდა ამათ შემყურეს. რა დონეზე მიიყვანეს ქვეყანა? რატომ უნდა ექცეოდე შენს ქვეყანას ასე? რა ფული აიღეს ამისთანა, ცას ხომ არ გამოეკერებიან? ...
ამ სტუდენტებს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული რა საშიშროება ელოდებათ მომავალში. ხმას რომ ვერ ამოიღებენ, ქუჩაში გავლასაც რომ გაუკონტროლებენ“, - ამბობს ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე, რომელიც აქციაზე მივიდა და სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ავტორი: სულხან მესხიძე